Culture Moves Europe – მობილობის პროგრამის შედეგები

გამოვლინდა ევროკავშირის პროგრამის “შემოქმედებითი ევროპა” მობილობის პროგრამის Culture Moves Europe მე-2 ეტაპის შედეგები. ჯამში დაფინანსება მიიღო 2870 ხელოვანმა და კულტურის სექტორის პროფესიონალმა. მათ შორის დაფინანსება მიიღეს და განახორციელეს მობილობა კულტურის სექტორის პროფესიონალებმა საქართველოდანაც. მნიშვნელოვანია რომ 1 აგვისტოს გამოცხადდება პროგრამის მე-3 ეტაპი, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. მოტივაციისთვის გაეცანით ერთ-ერთი წარმატებული აპლიკანტის გამოცდილებას 

მარიამ ხურცილავა – Culture Moves Europe ბენეფიციარი

რამ მოგცათ მოტივაცია, რომ მიგეღოთ მონაწილეობა Culture Moves Europe პროგრამაში?

–  Შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და IT სფეროში Პროექტის მენეჯერად მუშაობის უკვე 5 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მაქვს. აქედან გამომდინარე, დიდი ხანია მაინტერესებს ამ ორი სფეროს თანაკვეთა და სურვილი მაქვს, რომ ვიკვლიო ციფრულ ტექნოლოგიებსა და შემოქმედებით ინდუსტრიებს შორის კავშირი. Ზოგადად, ყოველთვის ვცდილობ ვიპოვო შესაძლებლობები ჩემი პროფესიული გეგმების განსახორციელებლად, შესაბამისად, კარგად ვიცნობ ევროკავშირის პროგრამებს ჩემს სფეროში, სადაც მონაწილეობის მიღება შემიძლია, როგორც საქართველოს მოქალაქეს. Შემოქმედებითი ევროპის Culture Moves Europe პროგრამის ინდივიდუალური მობილობის გრანტის შესახებ ინფორმაცია LinkedIn ზე შემხვდა და პროგრამის მოთხოვნების გაცნობის შემდეგ, მივხვდი, რომ ჩემი პროექტის იდეის განხორციელებისთვის იდეალური შესაძლებლობა იყო. შესაბამისად, არ დავაყოვნე, დავუკავშირდი ჩემს პარტნიორს ესტონეთში, გავაგზავნე პროექტის იდეა და მივიღე დაფინანსება.

როგორ იმოქმედა შემოქმედებითი ევროპის მობილობის პროგრამამ თქვენი პროექტის განვითარებასა და განხორციელებაზე?

– ამ პროექტის იდეა წელიწადზე მეტია მაქვს, მაგრამ მისი განხორციელება ფინანსური საჭიროებებიდან გამომდინარე ვერ მოვახერხე. Პროექტზე ნაწილობრივ ონლაინ ვიმუშავე, მოსამზადებელი სამუშაოების და სტატიაზე მუშაობის ეტაპზე, თუმცა, იმ ინფორმაციის და გამოცდილების მიღება, რაც პროექიტს მიზნებისთვის მჭირდებოდა, ესტონეთში ერთი თვით ყოფნის გარეშე, გამიჭირდებოდა. Შემოქმედებითი ევროპის ამ დაფინანსებამ საშუალება მომცა შევხვედროდი რეწვის ოსტატებს და დიზაინერებს მათ სამუშაო გარემოში/სტუდიებში, ჩამეტარებინა მათთან ინტერვიუები და დამემაყრებინა საქმიანი ურთიერთობები. ესტონეთში ჩემი ვიზიტის ფარლგებში საშუალება მომეცა დავსწრებოდი დიზაინის სფეროს მნიშვნელოვან ღონისძიებებს და ზოგადად გავცნობოდი ესტონეთის შემოქმედებით ინდუსტრიებს, მათ მახასიათებლებს, გამოწვევებს და საინტერესო პრაქტიკებს. შესაბამისად, დაფინანსება აუცილებელი იყო ჩემი პროექტის განხორციელებისთვის.

რა გამოწვევები შეგხვდათ პროექტის მიმდინარეობისას და როგორ გადალახეთ ისინი?

– ჩემი პროექტის პარტნიორი – შემოქმედებითი ესტონეთი ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციაა (Business Support Organisation) ესტონეთში, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში, განსაკუთრებით რეწვისა და დიზაინის მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) მხარდაჭერაში. მათთან თანამშრომლობა 2021 წელს დავიწყე სხვადასხვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, შესაბამისად, ძალიან ლოგიკური იყო, რომ ეს პროექტიც მათთან ერთად განმეხორციელებინა. მათი მხარდაჭერა და კონსულტაცია ჩემი პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ამის მიუხედავად, პროექტის ფარგლებში გარკვეული გამოწვევები მაინც შემხვდა, ძირითადად შერჩეულ რესპონდენტებთან ინტერვიუების ჩანიშვნის დროს. Მიუხედავად იმისა, რომ ორი თვით ადრე დავიწყე შემოქმედებით ესტონეთთან ერთად პროექტისთვის მზადება, რაც რესპონდენტების სიას და მათთან შეთანხმებასაც მოიცავდა, Ზოგი მათგანი იმ პერიოდში ტალინში არ იყო, ზოგს კი დატვირთული გრაფიკი ქონდა და რთული იყო ჩემი პროექტისთვის დროის გამონახვა. Საბედნიეროდ, სწრაფად მოვახდინე რეაგირება არსებულ სიტუაციაზე, ზოგიერთ რესპონდენტს შემოქმედებითი ესტონეთის დახმარებით მაინც შევუთანხმდი ინტერვიუზე, ზოგი შევცვალე, ზოგს კი, ონლაინ ინტერვიუ შევთავაზე რის შემდეგაც ვეწვიე მათ სტუდიებს და ვნახე მათი სამუშაო გარემო. Შესაბამისად, ჩემი აზრით, გამოწვევების გადალახვის გასაღები არის პრობლემის დროულად დანახვა და იდენტიფიცირება, ახალ გარემოებებთან ადაპტაცია და გადაწყვეტების პოვნა. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის პარტნიორი, ვინც ასეთ დროს გვერდით დაგიდგება და დაგეხმარება სიტუაციის გამოსწორებაში.

გაგვიზიარეთ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ან “წარმატების ისტორია” თქვენი მობილობიდან?

– Სიმართლე რომ ვთქვა, მთელი თვე საკმაოდ დასამახსოვრებელი იყო. აქამდეც ვყოფილვარ ესტონეთში, თუმცა, სიცოცხლით სავსე ზაფხულში – პირველად. ივნისი იდეალური თვე იყო ჩემი პროექტისთვის, თუ გავითვალისწინებთ მრავალფეროვან ღონისძიებებს ღია სივრცეებში. Პროექტის ფარგლებში მინდოდა დავსწრებოდი ‘ჰანსას დღეების’ ფესტივალს ვილიანდიში, რაც საკმაოდ საინტერესო გამოცდილება გამოვიდა. ფესტივალი მოიცავდა ბევრ სახალისო აქტივობას, როგორიცაა რეწვის და დიზაინის ნაკეთობების ბაზრობა, ტრადიციული ცეკვის და მუსიკის წარმოდგენები და ა.შ. ყველაზე დასამახსოვრებელი ის ფაქტი იყო, რომ ვილიანდიში მცხოვრებმა თითქმის ყველა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო ‘ჰანსას დღეებში’, ვხედავდი როგორ ესმით თავიანთი კულტურის უნიკალურობა და როგორ იყვნენ მისი ნაწილი. ეს ძალიან კარგი და ლამაზი გამოცდილება იყო.

რა რჩევას მისცემდით კულტურის სექტორის სხვა პროფესიონალებს, რომლებიც ფიქრობენ Culture Moves Europe Programme-ში მონაწილეობის მიღებას?

– უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია გქონდეთ თქვენი პროექტის და მისი შედეგის მკაფიო ხედვა. ასევე, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი პროექტი შეესაბამება მობილობის პროგრამის მოთხოვნებს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სანდო პარტნიორი პროექტისთვის, რომელიც მზადაა დაგითმოთ დრო და რესურსი და აქვს თქვენი პროექტისთვის სასარგებლო და შესაბამისი გამოცდილება. თუ ეს ნაწილი სწორად არის დაგეგმილი, მაშინ ყველა კულტურის სფეროს პროფესიონალს ვურჩევ გამოიყენოს Culture Moves Europe პროგრამის დაფინანსების ეს უნიკალური შესაძლებლობა თავისი პროექტების განხორციელებისთვის, რაც მათ ნამდვილად დაეხმარებათ პროფესიული წრის გაფართოებაში და პროფესიული კუთხით განვითარებაში.

როგორ შეცვალა ან როგორ მოახდინა გავლენა ამ პროექტმა თქვენ პროფესიულ განვითარებაზე?

– ჩემი ამჟამინდელი საქმიანობის ფარგლებში, ვცდილობ, რომ ვიპოვო იდეები და პრაქტიკული გადაწყვეტები საქართველოს შემოქმედებითი ბიზნესების გამოწვევებისთვის. ეს პროექტი კი დამეხმარა, რომ უკეთ წარმომედგენა ციფრული და შემოქმედებითი სფეროების გადაკვეთა-ურთიერთობა, ესტონეთის მცირე და საშუალო საწარმოების და ბიზნესის მხარდაჭერის ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკების გაცნობის საფუძველზე. აუცილებლად ვეცდები, რომ ვიპოვო გზა ჩემს სამომავლო საქმიანობაში ამ ცოდნის ინტეგრირებისთვის, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საქართველოს რეწვისა და დიზაინის მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების პროცესს.

მოკლედ აღწეროთ თქვენი პროექტი და მისი ძირითადი მიზნები?

– ჩემი კვლევითი პროექტი – ‘Crafting Future: Digital Transformation of the Creative Entrepreneurship,’ მოიცავდა ორ სექტორს – რეწვა, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და მოდის დიზაინი. პროექტის მიზანი იყო ჩემთვის შედარებით ახალი კონცეფციის შესახებ შემოქმედებითი და სამეცნიერო კვლევის ჩატარება და პროფესიული ქსელის გაფართოება. უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში ვეწვიე ესტონეთს (ტალინი, ტარტუ და ვილიანდი) ერთი თვით და შევისწავლე ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციის საუკეთესო პრაქტიკები ტრადიციულ რეწვასა და დიზაინში, ჩავატარე 8 ინტერვიუ შემოქმედებითი სფეროს მცირე და საშუალო საწარმოებისა და ბიზნესის მხარდაჭერის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, დავესწარი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას, როგორიცაა ზემოხსენებული ‘ჰანსას დღეების’ ფესტივალი ვილიანდიში ან ესტონეთის მოდის ფესტივალი ტარტუში. ასევე, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი და გამეცნო დაახლოებით 30მდე მეწარმე. პროექტის ფარგლებში ვიმუშავე სტატიაზე, რომელიც შედგენილია ინტერვიუებზე დაყრდნობით და გასცემს რეკომენდაციებს შემოქმედებითი მეწარმეებისთვის საქართველოში გაციფრულების პროცესში.

როგორ ხედავთ თქვენი პროექტის მომავალს და რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯები?

– ახლა, რადგან ჩემი სტატია უკვე მზად არის, ვგეგმავ მის გავრცელებას სხვადასხვა არხების მეშვეობით, მათ შორის ჩემი პირადი კავშირების გამოყენებით. იმედია, ეს ზოგადად ცნობიერებას აამაღლებს საკითხის შესახებ და დაეხმარება შემოქმედებით ბიზნესებს გაითავისონ ციფრული გადაწყვეტილებების ინტეგრაციის მნიშვნელობა, რაც დაეხმარება მათ ბიზნეს პროცესების განვითარებაში. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, უკვე მაქვს ხედვა თუ როგორ გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას ჩემს ამჟამინდელ საქმიანობაში. თუმცა, ასევე გამიჩნდა რამდენიმე საინტერესო ახალი თანამშრომლობითი პროექტის იდეა და ვნახოთ, როგორ განვითარდება ისინი მომავალში.

გაეცანით სტატიას “Crafting Future – შემოქმედებითი მეწარმეობის ციფრული ტრანსფორმაცია”

Search
Search