Culture Moves Europe – წარმატების ისტორია

“შემოქმედებითი ევროპის” მუდმივი მობილობის სქემა, ხელოვანების, შემომქმედთა და კულტურის პროფესიონალებისათვის, რომლის ბიუჯეტი 2022-2025 წლებში შეადგენს 21 მილიონ ევროს. გაეცანით ქართველი ხელოვანების და კულტურის სექტორის პროფესიონალების წარმატების ისტორიებს

კომპოზიტორ ეკა ჭაბაშვილის – Culture Moves Europe ბენეფიციარი

რამ მოგცათ მოტივაცია, რომ მიგეღოთ მონაწილეობა Culture Moves Europe პროგრამაში?

ანტროპოცენის ეპოქაში, ბუნებრივ პროცესებში ადამიანის უხეშმა ჩარევამ უამრავი ეკოლოგიური პრობლემა წარმოშვა გარემოს შემქმნელ ნებისმიერ კატეგორიაში, მათ შორის, ზემოქმედება მოახდინა გარემოს ხმოვანებაზეც.  ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამ საკითხით დაინტერესდნენ მკვლევარი მუსიკოსები; 21-ე საუკუნეში კი მუსიკალური ხელოვნების სფეროში გაჩნდა ახალი დარგი – ეკომუსიკოლოგია, რომელიც სწავლობს ხმის ეკოსისტემას და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. აარონ ალენის აზრით, რომელიც ამ დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელია, „ეკომუსიკოლოგია განიხილავს კავშირებს მუსიკას, კულტურასა და ბუნებას შორის”.

ბოლო რამდენიმე წელია ეკომუსიკის შექმნისთვის საკომპოზიციო მეთოდების ჩამოსაყალიბებლად ვაწარმოებ მხატვრული კვლევის პროექტს ,,ხმოვანი ოაზისები’-სთვის ეკო-მუსიკის ნიმუშების შექმნისა და შესრულების სპეციფიკა“, რაც შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევის ,,ეკომუსიკოლოგიის კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა ქართული მუსიკის ეკოსისტემის შესწავლისთვის“ [FR-22-8174] ფარგლებში ხორციელდება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების სამ მკვლევარ-კომპოზიტორთან ერთად; ზემოთ ხსენებულ პროექტში ჩართულია ასოცირებული პროფესორი და სამუსიკო ხელოვნების დოქტორი მაია (მაკა) ვირსალაძე, კომპოზიციის დოქტორი ალექსანდრე ჭოხონელიძე და დოქტორანტი ჯონი ასიტაშვილი;

ეკომუსიკოლოგია საკმაოდ ახალი სფეროა და შესაბამისად, იშვიათია თემატური კონფერენციები. როცა შევიტყვეთ ქალაქ ესენში, ფოლკვანგის ხელოვნების უნივერსიტეტში დაგეგმილი საერთშორისო კონფერენციის “Music and Climate Change: Artistic action in times of crisis” შესახებ, სურვილი გაგვიჩნდა მონაწილეობა მიგვეღო, რათა ერთი მხრივ, წარგვედგინა ჩვენი ექსპედიციების მასალები და კოლეგებისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი იდეები თუ დასკვნები, ხოლო მეორე მხრივ, გავცნობოდით მათ მოსაზრებებს, კვლევებს და ა.შ. https://musikwissenschaft.folkwang-uni.de/wp-content/uploads/2023/09/5_Programmbuch_program-book_1209.pdf

საბედნიეროდ ევროპელმა კოლეგებმა და კონფერენციის ორგანიზატორებმა ფოლკვანგის უნივერსტეტის პროფესორმა, დოქტორ ჯულიან ქესკელმა (Prof. (stv.) Dr. Julian Caskel) და დოქტორ სარა ბაინდიკემ (Dr. Sara Beimdieke) მიგვიწვიეს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესებულ ევროპელ მუსიკოს-მკვლევრებთან შეხვედრის ინტერესი იქცა მოტივაციად, რამაც განაპირობა მონაწილეობა მიმეღო Culture Moves Europe მობილობის პროგრამაში.

- როგორ იმოქმედა შემოქმედებითი ევროპის მობილობის პროგრამამ თქვენი პროექტის განვითარებასა და განხორციელებაზე?

მოგეხსენებათ დისკუსია, პროფესიონალების მოსაზრებები, რჩევები და გამოხმაურება, ახალი იდეების გაზიარება ხელოვნებასა და მეცნიერებაში აუცილებელი პირობაა. ჩვენი პროექტის განვითარებაზე შემოქმედებითი ევროპის მობილობის პროგრამის მხარდამჭერით განხორციელებულმა აქტივობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა; ერთი მხრივ, გაჩნდა საინტერესო ახალი კონტაქტები პროფესიონალებს შორის ინფორმაციული ვაკუუმის შესავსებად და თანამშრომლობის პერსპექტივები. მეორე მხრივ, პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან ჩვენი კვლევისთვის გერმანული ქალაქების ხმოვანი ლანშაფტის ღირებული მასალა შევაგროვეთ. ცნობილია, რომ ესსენი გამოირჩევა, როგორც ყველაზე გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი გერმანიაში.

- რა გამოწვევები შეგხვდათ პროექტის მიმდინარეობისას და როგორ გადალახეთ ისინი?

მნიშვნელოვანი გამოწვევა არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით, იმ ფაქტს, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოხსენების სტატიად გამოქვეყნებაზე უარი მივიღეთ, რადგან, როგორც აგვიხსნეს, ღონისძიების პარტნიორი გამომცემლობის პირობა იყო მხოლოდ კლიმატის ცვლილების პრობლემაზე დაწერილი საამეცნიერო სტატიების დაბეჭდვა; რაც, ფაქტობრივად, ჩვენს მოხსენებაში მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენდა. მოგვიანებით ჩვენს მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება “SOUNDSCAPE IN MUSIC AND MUSIC IN SOUNDSCAPE” დაიბეჭა გერმანულ ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში Deutsche internationale Zeitschrift für zeitgenössische Wissenschaft, №79 2024.

სტატიის ბმული

- გაგვიზიარეთ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ან "წარმატების ისტორია" თქვენი მობილობიდან?

ეს მომენტი, ალბათ, მე და ჯონი ასიტაშვილის მიერ წარდგენილი მოხსენების “Soundscape in Music and Music in Soundscape” შემდგომ გამართული ხანგრძლივი დისკუსია იყო; რაც, ვფიქრობ, კვლევის წარმატებაზე და ჩვენი ინოვაციური იდეებისადმი აუდიტორიის ინტერესზე მეტყველებს. საქმე ისაა, რომ სწორედ იმავე სექციაში პოლონელმა მკვლევარმა კატაჟინა ბარტოსმა თავის მოხსენებაში “Music for perishing world – Grażyna Pstrokońska-Nawratil’s conception of ecomusic and her Rainforests” ისაუბრა ეკომუსიკის განსხვავებულ კონცეფციაზე, ვიდრე ჩვენს მიერ იყო ფორმულირებული; თუმცა ჩვენს თეორიას ეკომუსიკის შესახებ გაცილებით დიდი ინტერესი და მხარდაჭერა მოჰყვა, რაც მნიშვნელოვანია მუსიკალურ სფეროში ტერმინის დამკვიდრებისთვის.

ჩვენი თეორიის მიხედვით ეკომუსიკალური ნაწარმოების შექმნისას ბუნების ხმოვანი ლანშაფტი უნდა იქნას გამოყებული, როგორც მუსიკალური მასალა და იქცეს მუსიკის შემადგენელ ნაწილად, როგორც ინსტრუმენტი,  რომელიც ნაწარმოებში შერწყმული იქნება მუსიკის შემქმნელ სხვა კომპონენტებთან; ამგვარად იქმნება გარემოს აკუსტიკურ მონაცემებთან ადაფტირებული მუსიკალური ნაწარმოებები, რაც სპეციალურად შერჩეულ და წინასწარ შესწავლილ ლოკაციებზე – “ხმოვან ოაზისებში”  შესრულდება.

ჩვენი თეორიის დასადასტურებლად მღვიმეების ხმოვანი გარემოს შესწავლის მიზნით ჩატარებული ექსპედიციების და ექსპერიმენტების მასალები წარმოვადგინეთ. მათ შორის, ბუნების მიერ შექმნილი და ჩვენს მიერ “ჰელიქტოფონებად” წოდებული იდიოფონური ინსტრუმენტი წარმოვადგინეთ.

აქვე გთავაზობთ პრომეთეს მღვიმეში ჩატარებული ექსპერიმენტის მოკლე ვიდეოს:

- რა რჩევას მისცემდით კულტურის სექტორის სხვა პროფესიონალებს, რომლებიც ფიქრობენ Culture Moves Europe Programme-ში მონაწილეობის მიღებას?

მიიღეთ მონაწილეობა Culture Moves Europe პროგრამაში, ეს არის საშუალება ევროპული გამოცდილების მიღებისა და ურთიერთობების გამყარებისთვის, საკუთარი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციის თუ ინოვაციური მიგნებების გაზიარებისთვის. და კიდევ, საკუთრი გამოცდილებით გეტყვით, ანგარიშის ჩაბარებისას ზედმიწევნით გაითვალისწინეთ თქვენივე დაწერილი პროგრამული თუ ფინანსური ვალდებულებები; იყავით გულწრფელი, ასახეთ ხარჯები ყოველდღიურად დამადასტურებელი დოკუმენტებით, რაც ზედმეტ კითხვებს აღარ წამოქმნის და ფონდთან ანგარიშსწორება უპრობლემოდ ჩაივლის.

- როგორ შეცვალა ან როგორ მოახდინა გავლენა ამ პროექტმა თქვენ პროფესიულ განვითარებაზე?

უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ პროდუქტიული იყო კონფერენციაში მონაწილეობა; ერთი მხრივ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩართული კოლეგების მიერ წარმოდგენილმა მოხსენებებმა ეკოლოგიასთან დაკავშირებული მრავალი ისეთი პრობლემური საკითხი დაგვანახა, რაც მხედველობაში მანამდე არ მიგვიღია და რა თქმა უნდა ამ ფაქტმა ჩემს პროფესიულ განვითარებაზე დადებითი გავლენა მოახდინა. მეორე მხრივ, ჩვენს მიერ განხორციელებული მხატვრული კვლევის პროცესში ზემოთ ხსენებული ღონისძიება იყო პირველი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ვისაუბრეთ ჩვენი პროექტის შესახებ და წარვადგინეთ კვლევის შედეგები; ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი, რადგან წარმატებულმა გამოსვლამ მეტი თავდაჯერებულობა შეგვმატა და უფრო თამამი ამოცანები დავსახეთ გარემოს ხმის კვლევისთვის; მას მერე კიდევ რამდენიმე კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც მიღებული გამოცდილება გამოვიყენეთ და ჩვენს მიერ შერჩეულ კვლევის საკითხს უფრო მრავალწახნაგოვანი პრიზმიდან შევხედეთ.

აქვე გთავაზობთ პროექტის მონაწილე მკვლევარების მოსაზრებებს:

მაკა ვირსალაძე: მობილობა დამეხმარა უკეთ გამეგო მუსიკის როლი ეკოლოგიისა და კლიმატის ცვლილების პრობლემების გადაჭრაში.

ალექსანდრე ჭოხონელიძე: მე მივიღე ღირებული ცოდნა ეკოდისკურსის, ტექნოლოგიური წინსვლისა და პოლიტიკის ცვლილებების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებებს. ასევე, წარმატების ისტორიების, ინოვაციური იდეების და მდგრადი ეკო პროექტების რეალური მაგალითების მოსმენამ შთამაგონა მომავალი აქტივობისთვის.

ჯონი ასიტაშვილი: ვფიქრობ, ჩვენი მობილურობის მთავარი მიღწევა იყო ჩვენი კვლევის წარდგენა და ჩვენი დასკვნების ფართო აუდიტორიისთვის გავრცელება, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მარტო ეკო-მუსიკოლოგიის კონტექსტში, არამედ იმ მიზეზით, რომ გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მუსიკის მეშვეობით გადამწყვეტია.

- მოკლედ აღწეროთ თქვენი პროექტი და მისი ძირითადი მიზნები?

ხმოვანი გარემო და თავად მუსიკა დედამიწის ეკოსისტემის ნაწილია. ამიტომ, მისი დადებითი თუ უარყოფითი გავლენის კვლევა მნიშვნელოვანია სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის. 2022 წლიდან ქართველ კომპოზიტორთა ჯგუფი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ატარებს მხატვრულ კვლევას „ხმოვანი ოაზისისთვის შექმნილი ეკო-მუსიკის ნაწარმოებების შედგენისა და შესრულების სპეციფიკა“. ჩვენი პროექტის მიზანია:

  • ურბანული და არაურბანული ტერიტორიების ხმოვანი პეიზაჟის შესწავლა (კლიმატის ცვლილებით ხმაზე ზეგავლენის ჩათვლით);
  • ეკოლოგიური ჟღერადობის პარამეტრების განსაზღვრა;
  • საკონცერტო ალტერნატიული ლოკაციების შერჩევა – სახელწოდებით „ხმოვანი ოაზები“;
  • ეკოლოგიურად სუფთა ჟღერადობის მუსიკალური ნაწარმოებების შექმნის კომპოზიციური მეთოდების შემუშავება და მათი შესრულება.

მუსიკალური ეკოსისტემის შესწავლა დღეს მთავარი გამოწვევაა ცივილიზებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჩვენ, მკვლევარების ჯგუფს, ორგანიზაცია „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ ნება დაგვთა საქართველოში,  იმერეთის რეგიონში ჩაგვეტარებინა ექსპედიცია მღვიმეების ხმოვანი ლანდშაფტის შესასწავლად; მოვინახულეთ ორივე – ველური გამოქვაბულები და ტურისტებისთვის ადაპტირებული გამოქვაბულები.

რამდენიმე გამოქვაბულის ხმოვანი პეიზაჟების შესწავლის შემდეგ, ჩვენ შევარჩიეთ “პრომეთეს მღვიმე”, როგორც “ხმოვანი ოაზისის” ნიმუში და ჩავატარეთ ექსპერიმენტი ეკო-მუსიკის კომპოზიციების შესაქმნელად ინტერაქტიული პერფორმანსისთვის “Listen to Caves”.

მობილობის შედეგად მიღწეული ძირითადი მიზნები იყო:

  • იდეების გაცვლა კოლეგებთან კლიმატის ცვლილებასთან და ხმოვან ეკოსისტემასთან დაკავშირებით;
  • მათი მიდგომის გაცნობა ტერმინ „ეკო-მუსიკის“ განმარტებასთან დაკავშირებით, რითაც განსაკუთრებით დავინტერესდით; როგორც ჩანს, ჩვენი პოზიცია ამ ტერმინთან დაკავშირებით განსხვავებული იყო და მათ ჩვენი აზრი გავუზიარეთ.
  • პრომეთეს გამოქვაბულში ექსპედიციის დროს აღმოჩენილი და ჩვენს მიერ „ჰელიქტოფონებად“ წოდებული ბუნებრივი ინსტრუმენტის წარმოდგენა;
  • ვიზიტის დროს გერმანული ურბანული გარემოს ხმების ჩაწერა, რათა შევადაროთ და გამოიკვლიოთ განსხვავებები ქალაქის ჟღერადობებს შორის.

ეკო-მუსიკის კლუბის YouTube არხის და Facebook გვერდის ბმულები:

- როგორ ხედავთ თქვენი პროექტის მომავალს და რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯები?

მობილობის მთავარი მიღწევა, ჩემი აზრით, იყო მონაწილეობა და დასწრება საერთაშორისო კონფერენციაზე “მუსიკა და კლიმატის ცვლილება” ფოლკვანგის ხელოვნების უნივერსიტეტში, ესენში, სადაც განიხილეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა აქტუალური საკითხი მუსიკალური პერსპექტივიდან. ჩემი ყურადღება მიიპყრო კვლევითი პრობლემების რაოდენობამ და მათი გადაჭრის სხვადასხვა მიდგომამ. მკვლევრების მიერ წარმოდგენილმა ნაშრომებმა მაჩვენა დედამიწაზე ხმოვანი ეკოსისტემის პრობლემების უფრო გლობალური სურათი. ამან მიბიძგა მეფიქრა მეტი საგანმანათლებლო აქტივობების ჩართვაზე ჩვენს პროექტში. ამიტომ სამომავლოდ ვგეგმავთ ფუნდამენტური კვლევის ფარგლებშიც რიგი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას, სადაც ვაპირებთ ახალგაზრდა თაობის აქტიურ ჩართულობას, რათა ფართო საზოგადოებას მხატვრული ხერხების მეშვეობითაც მიეწოდოს ინფორმაცია ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობა გერმანიიდან დაბრუნებისთანავე განვახორციელეთ ქუთაისის მე-2 სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით და პრომეთეს მღვიმეში ჩავატარეთ პერფორმანსი “მოვუსმინოთ მღვიმეებს”.

იხილეთ ბმული:

Search
Search