“შემოქმედებითი ევროპის” მუდმივი მობილობის სქემა, ხელოვანების, შემომქმედთა და კულტურის პროფესიონალებისათვის, რომლის ბიუჯეტი 2022-2025 წლებში შეადგენს 21 მილიონ ევროს. გაეცანით ქართველი ხელოვანების და კულტურის სექტორის პროფესიონალების წარმატების ისტორიებს
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი – Culture Moves Europe ბენეფიციარი
- რამ მოგცათ მოტივაცია, რომ მიგეღოთ მონაწილეობა Culture Moves Europe პროგრამაში?
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი უკვე მრავალი წელია მუშაობს მხატვრული რეწვის განვითარებაზე საქართველოში. მიუხედავად დაგროვილი გამოცდილებისა, ცოდნის გაზიარება ევროპელ პარტნიორებთან ძალზე მნიშვნელოვანია იმ აქტივობების წარმატებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, მხატვრული რეწვის ტრადიციების დაცვას, ადგილობრივი თემების მოტივაციას და, მეორე მხრივ, სექტორში ინოვაციის, კომერციალიზაციის სტიმულირებას და მის ეკონომიკურ მდგრადობას. სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტების შემუშავებისთვის და ქვეყანაში მხატვრული რეწვის სექტორის შემდგომი განვითარებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფისთვის.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, როგორც მხატვრული რეწვის მსოფლიო საბჭო-ევროპის (WCC-ევროპა) წევრი, მიწვეული იყო მალტაში 2023 წლის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა მხატვრული რეწვის სფეროში კონტაქტების დამყარების, გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის დაგეგმვისთვის. Culture Moves Europe პროგრამა ზუსტად მიესადაგა ჩვენი გუნდის საჭიროებას და საშუალება მოგვცა, რომ ცენტრის დირექტორი მაკა დვალიშვილი და მე, თამარ კიკნაძე, პროგრამების განვითარების მენეჯერი, ჩავრთულიყავით ამ ღონისძიებაში.
- როგორ იმოქმედა შემოქმედებითი ევროპის მობილობის პროგრამამ თქვენი პროექტის განვითარებასა და განხორციელებაზე?
შემოქმედებითი ევროპის დაფინანსებამ საშუალება მოგვცა მონაწილეობა მიგვეღო მხატვრული რეწვის ევროპული სექტორის განვითარების ერთობლივი მიდგომისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. 7 დღიანი რეზიდენციის პროგრამა მოიცავდა რამდენიმე სახის აქტივობას – სამუშაო შეხვედრებს მასპინძელ ორგანიზაციასთან, WCC-ევროპა გენერალურ ასამბლეაში და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას. ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვნად გააღრმავა ჩვენი ცოდნა სექტორში არსებულ საერთო გამოწვევებზე, ევროპაში აპრობირებულ მიდგომებზე და სხვადასხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკის საქართველოში რეპლიკაციის შესაძლებლობებზე.
- რა გამოწვევები შეგხვდათ პროექტის მიმდინარეობისას და როგორ გადალახეთ ისინი?
რეზიდენციის პროექტი მასპინძელ ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიგეგმა. ამან საშუალება მოგვცა კარგად მოვმზადებულიყავით განხორციელების პრაქტიკული ფაზისთვის, გაგვეთვალისწინებინა ბევრი ნიუანსი და თავიდან აგვერიდებინა მოულოდნელობები და გაუთვალისწინებელი გამოწვევები.
- გაგვიზიარეთ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ან "წარმატების ისტორია" თქვენი მობილობიდან?
მობილობის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო მალტის მხატვრული რეწვის დაჯილდოების ცერემონია. ცერემონია გაიმართა ბარაკას ზედა ბაღების არაჩვეულებრივ გარემოში და ასახავდა მალტის მხატვრული რეწვის სექტორის ტრადიციებსა და თანამედროვე მიღწევებს, მალტის მხატვრული რეწვის ფონდის საქმიანობას და სექტორის განვითარებაში შეტანილ წვლილს. ღონისძიებაზე თავი მოიყარა ქვეყნის საუკეთესო ოსტატებმა, დიზაინერებმა, სექტორში მოღვაწე ძირითადმა სტრუქტურებმა და მოწვეულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
- რა რჩევას მისცემდით კულტურის სექტორის სხვა პროფესიონალებს, რომლებიც ფიქრობენ Culture Moves Europe Programme-ში მონაწილეობის მიღებას?
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის მთავარი რჩევა იქნება დროის ინვესტირება მობილობის მომზადებაში. კარგად შერჩეული პარტნიორი და სწორად დაგეგმილი აქტივობის პროგრამა თქვენი პროექტის წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია იყოთ ღია ახალი შესაძლებლობებისთვის და მოქნილი, რათა სათანადოდ გამოვიყენოთ ადგილზე მოძიებული შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო გაამდიდრებს პროგრამისგან მიღებულ გამოცდილებას.
- როგორ შეცვალა ან როგორ მოახდინა გავლენა ამ პროექტმა თქვენ პროფესიულ განვითარებაზე?
პროექტმა საშუალება მოგვცა გაგვეფართოებინა მხატვრული რეწვის სექტორის აღქმა და დაგვენახა ის ევროპულ განზომილებაში. რეზიდენცია დაგვეხმარა შეგვეფასებინა ჩვენი საქმიანობა და აღებული კურსი და დაგვანახა, რომ ჩვენი სტრატეგია შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ მიდგომებს. ამავდროულად, პროექტმა საშუალება მოგვცა გაგვეღრმავებინა არსებული კავშირები და ასევე მოგვეძიებინა ახალი პოტინციური პარტნიორები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ ჩვენი მომავალი პროექტების მასშტაბი და გეოგრაფია.
- მოკლედ აღწეროთ თქვენი პროექტი და მისი ძირითადი მიზნები?
მობილობის პროექტს ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა: უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება Malta Crafts Foundation-თან, პერსონალური დისკუსიების, გამოცდილების გაცვლისა და მხატვრული რეწვის განვითარების და ხელშეწყობისთვის განხორციელებული აქტივობების გაცნობის საფუძველზე.
მეორე მიზანი იყო სფეროში უდიდესი ევროპული ქსელის – WCC-ევროპის წევრ ორგანიზაციებთან ქსელური კავშირების შემდგომი გაღრმავება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეაში და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობით.
- როგორ ხედავთ თქვენი პროექტის მომავალს და რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯები?
ვინაიდან პრაგრამა 1 წლის წინ, 2023 წელს განხორციელდა, ჩვენ უკვე მივიღეთ ხელშესახები შედეგები. ევროპელ კოლეგებთან დისკუსიისა, საერთო ინტერესებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გამოვლენის საფუძველზე ცენტრი გამოვიდა Erazmus+-ის დაფინანსებისთვის კონსორციუმის შექმნის ინიციატივით. საპროექტო განაცხადი, რომელიც ეხება ზრდასრულთა არაფორმალურ განათლებას მხატვრული რეწვის სფეროში, შემუშავდა Mad’in Europe-ტან (ბელგია), როგორც მთავარი განმცხადებელი, Artex-თან (იტალია) და გდანსკის ეროვნული მუზეუმთან (პოლონეთი) თანამშრომლობით. პროქტმა მიიღო დაფინანსება და 2024 წლის სექტემბერში დაიწყება.